Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით მომზადებული წიგნების პრეზენტაცია

„წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალის“ ფარგლებში, 24 აპრილს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით მომზადებული, ნათარგმნი და გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ის სახელმძღვანელოები, რომელთა ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.

საერთაშორისო ეკონომიკა - თეორია და პოლიტიკა (მეათე გამოცემა) ავტორები: პოლ რ. კრუგმანი (პრინსტონის უნივერსიტეტი), მაურის ობსტფელდი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი), მარკ ჯ. მელიტცი (ჰარვარდის უნივერსიტეტი);

საერთაშორისო ეკონომიკა - თეორია და პრაქტიკა, მეათე გამოცემის სასწავლო გზამკვლევი. ავტორები: ლინდა გოლდბერგი (ნიუ-იორკის სარეზერვო ბანკი), მაიკლ კლეინი (ტაფტის უნივერსიტეტი), ჯეი შამბაუფი (დარტმუთის კოლეჯი);

მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია - პალეოლითის ეპოქიდან დღევანდელობამდე (მეხუთე გამოცემა). ავტორები: ლარი ნილი (ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამჰანში), რონდო კემერონი (ემორის უნივერსიტეტი);

საერთაშორისო ფინანსების მოკლე ისტორია“ - ბაბილონიდან ბერნანკემდე. ავტორი ლარი ნილი (ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამჰანში);

პრეზენტაციაზე ბატონმა ავთანდილ სილაგაძემ ვრცლად ისაუბრა თითოეული გამოცემის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ამ საქმის ყველა მონაწილეს.

აღნიშნული გამოცემების შესახებ ისაუბრეს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ და პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა. ღონისძიებას უძღვებოდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი, ბატონი ზურაბ გაიპარაშვილი.

23-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ უმასპინძლა. საქართველოში აკრედიტებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა და გამომცემლობებმა საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემული წიგნები წარუდგინეს. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა და გაიყიდა როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. ორივე დღე დატვირთული იყო აქტივობებით, რაც შემეცნებითი ლექციების ჩატარებას, წიგნების წარდგენასა და დისკუსიების გამართვას გულისხმობდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ათმა უმაღლესმა სასწავლებელმა და ოცდაოთხმა გამომცემლობამ. „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალის“ ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

 

თარიღი: 25/04/2024